ბოლო განახლება: 11 თვის წინ

ოსტეოპოროზი ძვლის სისტემის დაავადებაა, რომელიც ყოველწლიურად 8.9 მილიონ მოტეხილობას განპირობებს მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 3 წამში ერთი ოსტეოპოროზული მოტეხილობა ვითარდება.
ოსტეოპოროზი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც ასუსტებს ძვლებს. შედეგად ძვლები ხდება მყიფე და მოტეხილობისადმი მიდრეკილი. ძვლები შესაძლებელია იმდენად მსხვრევადი გახდეს, რომ სერიოზულ შემთხვევებში ძლიერმა დაცემინებამაც კი მოტეხილობა გამოიწვიოს. ოსტეოპოროზის ცნობადობა არ არის მაღალი და ერთერთი მიზეზი ამისა კი შეიძლება იყოს ის, რომ ოსტეოპოროზი „ჩუმი დაავადებაა“. პაციენტს არ შეუძლია დაინახოს ან ხშირ შემთხვევაში იგრძნოს ძვლის მასის დაქვეითება მანამ, სანამ მოტეხილობა არ განვითარდება და ხშირად სწორედ პირველი სიმპტომი დაავადებისა არის ოსტეოპოროზული მოტეხილობა.
არის თუ არა განსხვავება ქალებსა და მამაკაცებში ოსტეოპოროზის განვითარების მხრივ? როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. მსოფლიო სტატისტიკით ცნობილია, რომ პოსტმენოპაუზის ასაკის ყოველ მე-3 ქალს და 50 წელზე უფროსი ასაკის ყოველ მე-5 მამაკაცს უვითარდება ოსტეოპოროზული მოტეხილობა. პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებს ოსტეოპოროზული მოტეხილობის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ და პირველი მოტეხილობის შემდეგ ასეთ ქალებში განმეორებითი მოტეხილობის რისკი 5-ჯერ მაღალია მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
როგორ ვითარდება ოსტეოპოროზი? დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე ჩვენი ძვლები ვითარდება და იზრდება და 20-29 წლის ასაკისთვის აღწევს ძვლის მასის პიკურ მაჩვენებელს - ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ძვალი არის ყველაზე მაგარი და მკვრივი. სიცოცხლის განმავლობაში ძვალი მუდმივად განახლებადია, ახალი ძვალი ანაცვლებს ძველ ძვალს და ეს უნარჩუნებს ჩონჩხს სიმყარეს. ოსტეოპოროზის მქონე პირებში ძვლის დანაკარგი აღემატება ახალი ძვლის წარმოქმნას, რის შედეგადაც ძვალი ხდება მყიფე და მოტეხილობის რისკი უფრო იზრდება. და უნდა აღინიშნოს რომ დღეისთვის ოსტეოპოროზი და მოტეხილობები არ წარმოადგენს დაბერების პროცესის ნორმალურ ნაწილს და ძვლის ჯანმრთელობის მეთვალყურეობის გეგმის შეთანხმება უნდა მოხდეს პაციენტის მკურნალ ექიმთან.
ასაკის მატების გარდა თუ არის სხვა რისკის ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ძვლის სიმკვრივეზე და იწვევს ოსტეოპოროზს? ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და ყურადღება მივაქციოთ რისკის ფაქტორების არსებობას, რომელიც გავლენას ახდენს ძვლის სიმკვრივეზე და შეიძლება იწვევდეს ოსტეოპოროზს. ეს რისკის ფაქტორებია მოტეხილობა ზრდასრულ ასაკში, ბარძაყის ყელის ოსტეოპოროზული მოტეხილობა რომელიმე მშობელთან, სხეულის მასის სიმცირე, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ასევე, ისეთი ქრონიკული დაავადებების თანაარსებობა, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, შაქრიანი დიაბეტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგიერთი დაავადება (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ცელიაკია), ფარისებრი ან ფარისებახლო ჯირკვლების დაავადება, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ფილტვის დაავადებები (ფქოდ), აივ-ინფექცია, ნაადრევი მენოპაუზა ქალებში და ტესტოსტერონის დონის დაქვეითება მამაკაცებში, აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, როგორიცაა გლუკოკორტიკოიდები, ძუძუს და პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს გამოყენებული პრეპარატები, იმუნოსუპრესანტები და ზოგიერთი ნევროლოგიური პრეპარატი. არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა D ვიტამინის დეფიციტი, კალციუმის შემცველი პროდუქტების სიმცირე საკვებ რაციონში და მჯდომარე ცხოვრების წესი, ან ხანგრძლივი იმობილიზაცია.
როგორ ხდება ოსტეოპოროზის რისკის შეფასება? ძვლის ჯანმრთელობის შეფასებისას რისკის ფაქტორების ცოდნა გადამწყვეტია პაციენტის დეტალურ სამედიცინო ანამნეზთან ერთად ოსტეოპოროზისა და ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის შესაფასებლად. არსებობს მარტივი და გამოსადეგი ხელსაწყო ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის გამოსათვლელად ე.წ. FRAX კალკულატორი. მოტეხილობის რისკის გამოთვლის შემდეგ უნდა მოხდეს ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა, რაც ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკისა და მოტეხილობის რისკის შეფასების უფრო ზუსტ მეთოდს წარმოადგენს.
როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა, რას გულისხმობს ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა და რამდენად ხელმისაწვდომია ის ჩვენს ქვეყანაში? ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა არის უსაფრთხო, სწრაფი და სრულიად უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც საზღვრავს პაციენტს აქვს თუ არა ოსტეოპოროზი, ან მოსალოდნელია თუ არა ოსტეოპოროზის განვითარება მომავალში. ძვლის სიმკვრივის განსაზღვრის მრავალი ტესტი არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებული და ავტორიტეტული სამედიცინო საზოგადოებებისა და ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული მეთოდია ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია ე.წ.“DXA- სკანირება ან იგივე DXA დენსიტომეტრია“, რომელიც წარმოადგენს ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“ და ამავე დროს ჯანმრთელობის რუტინული სკრინინგის შემადგენელ ნაწილს. ამ გამოკვლევით ხდება ძვლოვანი სისტემის იმ რეგიონების ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზომვა, რომელშიც ყველაზე ხშირად ვითარდება ოსტეოპოროზული მოტეხილობები და ესენია ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილი, ხერხემლის სვეტის წელის მალები და სხივის ძვლის 1/3. ძვლის მინერალური სიმკვრივე კი ძვლის სიმტკიცის მთავარი განმსაზღვრელია. სამედიცინო ცენტრში „ციტო“ 2020 წლიდან ტარდება DXA სკანირება და შედეგების ინტერპრეტაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თუკი პაციენტს აქვს ოსტეოპოროზის რისკის ფაქტორები, ან უბრალოდ აინტერესებს ძვლების ჯანმრთელობა, შეუძლიათ მომართონ ჩვენს კლინიკას აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. ადრეული დიაგნოსტიკა კი მნიშვნელოვანია ეფექტიანი მკურნალობისა და მომავალი მოტეხილობების თავიდან ასაცილებლად.
შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზის პრევენცია? დღეისთვის არსებობს ოსტეოპოროზის მკურნალობის რამდენიმე გზა. ხელმისაწვდომია მაღალეფექტური მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა მნიშვნელოვანია არაფარმაკოლოგიური ღონისძიებების აქტიური დანერგვა, როგორც ძვლის ჯანმრთელობის შენარჩუნების, ასევე, ოსტეოპოროზის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, რაც გულისხმობს ჯანსაღ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას, ცხოვრების წესზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების თავიდან აცილებას და ოსტეოპოროზის რისკის ფაქტორების ცოდნას.