„ციტო“ მიკრობიოლოგიის დარგის განვითარებისთვის სტიპენდიას აწესებს
სამედიცინო ცენტრი „ციტო“ აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს, რომლის მიზანია სამედიცინო მიკრიობიოლოგიის დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში.
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის რეზიდენტურის სტუდენტი. სტიპენდიის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა დაწერონ აბსტრაქტი (მოცულობა: 1-2 გვერდი) თემაზე: ანტიბიოტიკორეზისტენტობა – განსაზღვრის მეთოდების ძირითადი საფუძვლები და თანამედროვე ასპექტები.
სტიპენდიანტის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: კომპეტენტური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ კლინიკური მენეჯერი, ნინო ბაკურაძე, მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მარიკა კერესელიძე და ექიმი-ლაბორანტი, თამარ რობაქიძე, გადაარჩევს თემებს. მეორე ეტაპზე შერჩეული სტუდენტები საკუთარ ნაშრომს წარადგენენ კომისიის წინაშე, რა დროსაც გამოვლინდება გამარჯვებული.
„სამედიცინო საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა 21-ე საუკუნის პრობლემაა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყნებით ეტიოლოგიური აგენტების სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა; სამიზნე ანტიბიოტიკის არჩევა, ოპტიმალური დოზირება და მკურნალობა – ყველაფერს ამას სჭირდება სწორი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, კლასიკური და თანამედროვე ტექნოლოგიების სიმბიოზი ინტელექტულურ რესურსთან ერთად. ვთვლით, რომ ლაბორატორიული კვლევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმების სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ასპარეზია“- ამბობს სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, გიორგი სალდაძე.
სახელობითი სტიპენდია შერჩეულ სტუდენტზე გაიცემა 1 წლის მანძილზე ყოველთვიურად, თვეში 200 ლარის ოდენობით; სტუდენტს ასევე საშუალება ეძლევა, გაიაროს სტაჟირება „ციტოს“ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის განყოფილებაში.
სტიპენდიაზე განაცხადის მიღება გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით მისამართზე scholarship@cito.ge. გამოგზავნეთ ნაშრომი ავტობიოგრაფიასთან ერთად.
წარმატებას გისურვებთ!
შერჩევის მეორე ეტაპი: https://medc.ge/Emlih
გამარჯვებულის გამოვლენა: https://medc.ge/aLAD9