Logo

ᲞᲐᲞ ᲢᲔᲡᲢᲘ- ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ 5 ᲬᲣᲗᲘ

ბოლო განახლება: დაახლოებით 13 საათის წინ

პაპ ტესტი

„ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვამბობ-ხოლმე, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ დღეში არ ვითარდება. ეს არის პროცესი, რომელსაც წლები სჭირდება და რაც მთავარია, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

სწორედ ამისთვის არის პაპ (Pap) ტესტი - სკრინინგული კვლევა, რომელიც პათოლოგიურ ცვლილებებს პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე პოულობს.

ეს არ არის უბრალოდ „კიდევ ერთი ანალიზი“, ეს არის თქვენი პრევენციული ფარი.

ვინ და რა სიხშირით უნდა ჩაიტაროს სკრინინგი?

როგორც წესი, სკრინინგი რეკომენდებულია 21-დან 65 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის.

ჩემი რჩევაა, დაიცვათ შემდეგი პერიოდულობა:

  • 3 წელიწადში ერთხელ - თუ თქვენი წინა ტესტების პასუხი ნორმალურია;
  • წელიწადში ერთხელ - თუ გამოვლენილია ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), გაქვთ ლორწოვანი გარსის ცვლილებები ან გადატანილი გაქვთ რაიმე ტიპის მცირე ქირურგიული ჩარევა საშვილოსნოს ყელზე (მოწვა, კონიზაცია და სხვა).

რატომ არის რეგულარული სკრინინგი თქვენი მთავარი მოკავშირე?

ხშირად პაციენტები მეკითხებიან, თუ არაფერი მაწუხებს, რატომ უნდა ჩავიტარო ტესტიო. პასუხი მარტივია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი - საშვილოსნოს ყელის უჯრედული ცვლილებები საწყის ეტაპზე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

თქვენ ვერ იგრძნობთ დაავადების განვითარებას, სანამ ის რთულ და შორს წასულ ფორმად არ ჩამოყალიბდება. სწორედ აქ არის პაპ ტესტის ძალა - მას შეუძლია დაინახოს „კიბოსწინარე“ მდგომარეობა. ანუ ის პერიოდი, როცა საფრთხე უკვე არსებობს, მაგრამ მისი შეჩერება ჯერ კიდევ მარტივად არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, პაპ ტესტი მხოლოდ სიმსივნის პრევენცია არ არის. ის გვეხმარება გამოვავლინოთ:

  • სხვადასხვა ტიპის ინფექციები;
  • ფარული ანთებითი პროცესები.

თუ ტესტის პასუხი აჩვენებს ანომალურ (ატიპიურ) უჯრედებს, ნუ ინერვიულებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ დროული სიგნალი. ასეთ დროს ექიმი ინდივიდუალურად დაგიგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს, რაც შეიძლება მოიცავდეს:

  • HPV (ადამიანის პაპილომავირუსის) ტესტს - რათა გავიგოთ, რამდენად მაღალია რისკი;
  • კოლპოსკოპიას - საშვილოსნოს ყელის უფრო დეტალურ, მიკროსკოპულ დათვალიერებას;
  • საჭიროების შემთხვევაში - ბიოფსიას.

ჩემი, როგორც ექიმის, მთავარი მიზანია დაავადებას „დავასწროთ“. რეგულარული სკრინინგი სწორედ ეს არის - თქვენი კონტროლი საკუთარ ჯანმრთელობაზე და ის სიმშვიდე, რომელიც გჭირდებათ.

როგორ ტარდება პროცედურა? - ეს სულ რამდენიმე წუთია

ბევრ პაციენტს აქვს გარკვეული შიში პროცედურის მიმართ, თუმცა მინდა დაგამშვიდოთ - მანიპულაცია დაახლოებით 5 წუთს გრძელდება და უმეტესად სრულად უმტკივნეულოა.

ექიმი სპეციალური რბილი ფუნჯით იღებს უჯრედების მცირე ნიმუშს საშვილოსნოს ყელიდან. შეიძლება იგრძნოთ მხოლოდ მცირე დისკომფორტი, რომელიც მალევე გადის.

როგორ მოვემზადოთ ვიზიტისთვის?

ზუსტი შედეგის მისაღებად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • დრო - ტესტი არ კეთდება მენსტრუაციის დროს. საუკეთესო პერიოდი ციკლის შუა დღეებია;
  • შეზღუდვა - ნაცხის აღებამდე 24-48 საათით ადრე მოერიდეთ სქესობრივ კავშირს და ნებისმიერ ვაგინალურ საშუალებას (სანთლები, კრემები, ტამპონები).

რას ნიშნავს ტესტის პასუხი?

პასუხი ჩვეულებრივ 7-10 დღეში გვეცოდინება.

  • ნორმალური პასუხი - ნიშნავს, რომ პათოლოგიური უჯრედები არ აღმოჩნდა;
  • ანომალური პასუხი - ნუ შეშინდებით! ეს სულაც არ ნიშნავს კიბოს. ეს ნიშნავს, რომ უჯრედებში არის ცვლილებები, რომლებიც დაკვირვებას ან მკურნალობას საჭიროებს. ასეთ დროს შეიძლება დაგინიშნოთ კო-ტესტირება (HPV-ზე) ან კოლპოსკოპია.

რატომ არის შემდგომი დაკვირვება თქვენი სიმშვიდის გარანტი?

პაციენტებს ხშირად ვუხსნი, რომ ერთი ანალიზი მხოლოდ მოცემული მომენტის სურათია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი გრძელვადიანი პროცესია. სწორედ ამიტომ, შემდგომ დაკვირვებას - ე.წ. Follow-up-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რას გვაძლევს რეგულარული კონტროლი?

  • უსაფრთხოების განცდას - თქვენ ზუსტად იცით, რომ თქვენი ორგანიზმი კონტროლზეა და ნებისმიერი მცირე ცვლილებაც კი არ გამოგვეპარება;
  • დროულ რეაგირებას - თუკი ტესტმა აჩვენა გარკვეული გადახრა, შემდგომი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე მანამ, სანამ პრობლემა სიმსივნურ პროცესამდე მივა;
  • ინდივიდუალურ მიდგომას - დაკვირვების პროცესში ჩვენ ვსწავლობთ თქვენი ორგანიზმის თავისებურებებს და ვადგენთ სამოქმედო გეგმას, რომელიც მხოლოდ თქვენზეა მორგებული.

ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო პროცედურა - ეს არის თვითკონტროლი და სიმშვიდე. როცა იცით, რომ თქვენს ჯანმრთელობას პროფესიონალები მეთვალყურეობენ, ცხოვრების ხარისხი გაცილებით მაღალია.

ჩემი რჩევაა, ნუ შეხედავთ სკრინინგს, როგორც ერთჯერად ვალდებულებას. საშვილოსნოს ყელის სიმსივნე იმითაა ვერაგი, რომ საწყის ეტაპზე ის სრულიად უსიმპტომოა. თქვენ ვერაფერს იგრძნობთ, სანამ დაავადება შორს არ წავა. სწორედ ამიტომ, რეგულარული სკრინინგი არ არის მხოლოდ „შესრულებული სამუშაო“ - ეს არის თქვენს ორგანიზმთან კავშირი და საკუთარ თავზე ზრუნვის უმაღლესი ფორმა.

„ციტოში“ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ თქვენი მეგზური ამ გზაზე და უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ყოველ ეტაპზე.

დაგეგმეთ თქვენი პაპ ტესტი დღესვე. თუ გაქვთ კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მომწერეთ ან დაგვიკავშირდით.“

გისურვებთ ჯანმრთელობას!

მაკა ცეკვავა
გინეკოლოგი

ცხელი ხაზი: (+995) 32 229-06-71