გამოკვლევა ექიმს აწვდის ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ქსოვილების - ცხიმოვანი მასის, კუნთოვანი მასისა და ძვლოვანი კომპონენტის განაწილების შესახებ, რაც აუცილებელია ორგანიზმის მეტაბოლური მდგომარეობის, ფიზიკური აქტივობის ეფექტურობისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად.
დენსიტომეტრია სხეულის შემადგენლობის შეფასებისთვი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აუცილებელია დეტალურად განისაზღვროს ანდროიდულ (მუცლის) და გინოიდულ (ბარძაყის და თეძოს) არეალებში ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთ მეტაბოლურ დაავადებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებაში, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები და მეტაბოლური სინდრომი.
კვლევის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვისკერალურ ცხიმს (VAT - visceral adipose tissue), რომელიც წარმოადგენს მუცლის ღრუში მდებარე შინაგან ორგანოებთან დაკავშირებულ ცხიმოვან მასას. მისი მოცულობის შეფასება აუცილებელია, რადგან სწორედ ვისკერალური ცხიმი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მავნე ტიპად და ხშირად ქრონიკულ ანთებით პროცესებსა და სხვადასხვა სისტემურ დაავადებებს უკავშირდება.
დენსიტომეტრიით მიღებული ინფორმაცია გამოიყენება როგორც სპორტულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პრაქტიკაში, რათა გაკონტროლდეს სხეულის მასის კომპონენტების დინამიკა, შეფასდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და შედგეს მკურნალობის ან რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა.