ვიტილიგო გადამდები არაა!

– „მოიცა, მოიცა, ერთი წამით თვალები დახუჭე”, – 12 წლის ვიყავი დედაჩემმა რომ მითხრა. იმ დღეს პირველად შემამჩნია მარჯვენა თვალის გარშემო თეთრი ლაქა და იქვე გათეთრებული ორი ცალი წამწამი. დედა ექიმია და ვიტილიგოზე მალევე იეჭვა. ამის შემდეგ დაიწყო დერმატოლოგებთან ვიზიტები. მეუბნებოდნენ, რომ ქუდისა და სათვალის გარეშე გარეთ არ გამოვსულიყავი, რომ დამევიწყებინა რუჯი და გამეაზრებინა, რომ ეს იყო კანის დეფექტი, რომელსაც უბრალოდ უნდა შევგუებოდი. არადა, მე შესაგუებელი არაფერი მქონდა, ამ ლაქას თავიდანვე ჩემი სახის ნაწილად აღვიქვამდი. გავიდა წლები და ვიტილიგო, როგორც სჩვევია, ჩემს სახეზეც სიმეტრიულად განვითარდა და რკალად ახლა მარცხენა თვალსაც შემოევლო, თუმცა, ზრდა შეწყვიტა.

პარალელურად, მეც შევწყვიტე მედიკამენტების მიღება და დავიწყე მზეზე თამამად სიარული, დამცავით და, რაც მთავარია, მხოლოდ დასაშვებ, გონივრულ საათებში. ჩემი თეთრი ლაქები გარუჯულზე უფრო მკვეთრად ჩანს და ეს ყველაზე მეტად მომწონს.

„თვალის გარშემო თეთრი რა გისვია?” „თეთრი ჩრდილები მეგონა“, „რა ტილიგო?“ – ძალიან ხშირად მეკითხებიან. და მეც ყოველ ჯერზე, შეიძლება ითქვას, სიამაყითაც კი ვპასუხობ, რომ არაფერი მისვია, რომ ეს ლაქები 12 წელია მაქვს და რომ უკვე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი გარეგნობა თვალის გარშემო ამ ორი თეთრი ლაქის გარეშე.

და სულ, როცა ამას ვამბობ, თვალწინ მიდგას 12 წლის სოფო, რომელსაც დედამ ვიტილიგო ზუსტად 12 წლის წინ შეამჩნია და უთხრა: „მოიცა, მოიცა, ერთი წამით თვალები დახუჭე“.

სოფო გოზალიშვილს, ისე როგორც მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს, ვიტილიგო აქვს და დიაგნოზის დასმის შემდეგ, ცდილობს, ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის დაძლევას: ვიტილიგო გადამდები დაავადება არ არის!

Leave a reply