ვიტამინები და მათი დეფიციტი – საჭიროება და შედეგები

შეგიმჩნევიათ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი იჩენს თავს? ეს შესაძლოა იყოს უხასიათობა, საერთო სისუსტე, კანის გამოშრობა, თმის ცვენა და სხვა. რა იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს და რისი თქმა სურს ორგანიზმს ჩვენთვის?!

ზამთრის ცივი დღეები, მზის სხივების ნაკლებობა, მაკრონუტრიენტებით ღარიბი ხილ-ბოსტნეულით დაკომპლექტებული რაციონი და მკაცრი კლიმატური პირობები ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ხშირად ვითარდება ვიტამინების დეფიციტი — ჰიპოვიტამინოზი. არსებობს დეფიციტის კიდევ უფრო მწვავე ფორმა — ავიტამინოზი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არ არსებობას ნიშნავს. ის, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.

რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა?

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. რა თქმა უნდა, დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს არა მხოლოდ წელიწადის კონკრეტულ დროს, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებისას:

  • სხვადასხვა რესპირატორული ინფექციების გადატანის შემდგომ
  • რიგი დაავადებებისას
  • ვიტამინების მოთხოვნის გაზრდისას (ორსულობა, ზრდის პერიოდი)
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ
  • დიეტის ან დაუბალანსებელი საკვები რაციონის დროს
  • ნაწლავის ნორმალური ფუნქციის, შეწოვადობის დაქვეითებისას

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტს ეხება საქმე, თუმცა ზოგადი მახასიათებლები შემდეგია:

  • საერთო სისუსტე
  • უენერგიობა
  • დაქვეითებული მადა და მეხსიერება
  • ფრჩხილების სისუსტე და მტვრევადობა
  • თმის ცვენა
  • კანის სხვადასხვა ტიპის პათოლოგია
რა ფუნქციას ასრულებს ვიტამინები?

პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ვიტამინების დეფიციტისას უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, მზის სხივების ნაკლებობის გამო განვითარებული D ვიტამინის დეფიციტი მეტად ყურადსაღებია ბავშვებში და მოზარდებში, რადგან ამ ვიტამინის მთავარი დანიშნულება ამ ასაკში ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებაა.

B ჯგუფის ვიტამინების როლი განსაკუთრებით დიდია უჯრედთა მეტაბოლიზმში და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციაში. მისი ნაკლებობისას ხშირია სებორეული დერმატიტი, თმის ცვენა, ალოპეცია, გაჭაღარავება, კუნთების ტკივილი, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, B7 – ბიოტინის ნაკლებობა იწვევს თმის, ფრჩხილის და კანის სხვადასხვა პათოლოგიას.

C ვიტამინი — აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას ორგანიზმში, შესაბამისად მისი უკმარისობისას ქვეითდება იმუნიტეტი, ხშირია ღრძილებიდან სისხლდენა, იკლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარი, სუსტდება კბილის მინანქარი.

A ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ჯანმრთელი მხედველობისა და ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის. მისი დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს “ქათმის სიბრმავე”, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცუდი განათებისას. ასევე გამოხატულია ფერიმჭამელები, ზიანდება თმის სტრუქტურა.

E ვიტამინი იცავს ადამიანს გულის და ნერვული დაავადებებისგან, რადგან აფართოებს სისხლძარღვებს და აფერხებს თრომბის გაჩენის პროცესს. მისი ნაკლებობა ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიას, კარდიოვასკულარული დაავადების რისკს და ანთებითი პროცესების განვითარების საფრთხეს ზრდის.

ასეთი მწვავე სიმპტომები ახასიათებს ვიტამინების ნაკლებობის გართულებულ ფორმებს. დროული კვლევებით და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია დეფიციტის შევსება და მსგავსი პათოლოგიური პროცესების თავიდან აცილება. აუცილებელ ზოგად რეკომენდაციებში შედის:

  • ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება
  • აღნიშნული საკვების სწორად მომზადება (არა გაყინვა-გალღობა, არა კონსერვირება)
  • სუფთა ჰაერზე მეტი სეირნობა
  • აქტიური ცხოვრების წესი.

ციტო გთავაზობთ ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინის დონის შესამოწმებლად კვლევების ფართო სპექტრს და კვალიფიციური თერაპევტის კონსულტაციას.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply