ძილის დარღვევა ბავშვთა ასაკში

თსსუ-ს პროფესორი, სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ კონსულტანტი, ექიმი-ნევროპათოლოგი, ნანა გელაძე გვიყვება ბავშვთა ასაკში ძილის დარღვევების შესახებ.

უძილობას (ინსომნია, აგრიპნია, ძილის მოშლა) ახასიათებს ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელე, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ დილით გაღვიძების გაძნელება).

ბავშვებში ძილის დარღვევა თანამედროვე პედიატრიისა და ნევროლოგიის აქტუალური პრობლემაა. ძილის დარღვევა 2.5 წლამდე ასაკის ბავშვების 84%-ს აღენიშნება, 3-5 წლის ასაკში – 25%-ს, 6-8 წლის ასაკში – 13.6%-ს.

ბავშვებში, ძილის დარღვევები, არამხოლოდ ყოველდღიური კეთილდღეობის განცდის გაუარესებას იწვევს, არამედ ემოციურ დარღვევებს, კოგნიტური ფუნქციის და ქცევით პრობლემებს, სასკოლო მოსწრების გაუარესებას, სოციალურ დისფუნქციას, დღის ძილიანობას, მეხსიერების დაქვეითებას, რაც სომატური პათოლოგიის განვითარების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.

ბავშვებსა და მოზარდებში ძილის საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე და შეიძლება გამოვლინდეს საკმაოდ ფართო სპექტრით, განსაკუთრებით ჩვილებში.

ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის, დღის ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით, რეკომენდებული ძილის დრო მოცემულია ცხრილში:

ბავშვობაში ძილის დარღვევებიდან ჭარბობს:

ძილში ლაპარაკი – 84%, ღამის გამოღვიძება – 60%, ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) – 45%, ღამის შიშები – 39%, ღამის ენურეზი (უნებლიე შარდვა) – 25%, ჩაძინების სირთულეები – 16%, ხვრინვა – 14%, რითმული მოძრაობები – 9%, ობსტრუქციული ძილის აპნოე – 3%-ში. ჩვილობის ასაკში უძილობა ხშირად დამოკიდებულია სომატურ (პედიატრიულ) პრობლემებთან – მუცლის კოლიკა, ნაწლავებში აირების დაგროვება, საკვების მონელების პრობლემებთან და სხვ.

ბოლო წლებში, ბავშვთა ასაკში უძილობის მიზეზი ხშირად არის დღის განმავლობაში ეკრანებთან (პლანშეტი, კომპიუტერი, მობილური, ტელევიზორი) დიდი დროის გატარება (მათ შორის ღამის პერიოდშიც), ანუ ვითარდება ე.წ ეკრანდამოკიდებული მდგომარეობა, რაც იწვევს საუკუნეებიის მანძილზე ჩამოყალიბებული დღის და ღამის ბიოლოგიური რითმის დარღვევას, რაც მეორადად იწვევს ძილის დარღვევას.

ძილის დარღვევების თანამედროვე და ობიექტურ დიაგნოსტიკურ მეთოდად ითვლება პოლისომნოგრაფია. რომლის დროს, ღამის ძილში მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების გრძელვადიანი რეგისტრაცია: ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ძილის ხანგრძლივობა და სტრუქტურა, განსაზღვროთ რომელი ფენომენი გვხვდება ძილის დროს და რა შეიძლება იყოს ამ დარღვევების მიზეზი.

პოლისომნოგრაფიისას რეგისტრირდება შემდეგი პარამეტრები:

  • ელექტროენცეფალოგრაფია (EEG),
  • ელექტროოკულოგრაფია (თვალის მოძრაობები) (EOG),
  • ელექტრომიოგრაფია (ნიკაპის კუნთების ტონუსი) (EMG). ამის გარდა შესაძლებელია დამატებითი პარამეტრების ჩაწერა: ქვედა კიდურების მოძრაობა,
  • ელექტროკარდიოგრაფია(ეკგ),
  • ხვრინვა,
  • ცხვირ-ხახის ჰაერის ნაკადი,
  • გულმკერდის და მუცლის კედლის სუნთქვითი მოძრაობები,
  • სხეულის პოზიცია,
  • სისხლის ჟანგბადით გაჯერების ხარისხი – სატურაცია (SpO2).

სხვა პარაკლინიკური კვლევების ჩატარების აუცილებლობას საზღვრავს ბავშვთა ნევროლოგი.

მკურნალობა

ბავშვებში ძილის დარღვევების არამედიკამენტური თერაპიის მეთოდები უნდა უსწრებდეს და რიგ შემთხვევებში თანმხლები იყოს მედიკამენტური თერაპიის. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ „ძილის ჰიგიენა“, რაც მოიცავს ისეთ მიდგომებს, როგორებიცაა ძილის რეჟიმის დაცვა, გაღვიძება და დაწოლა ბავშვის ერთსა და იმავე დროს, ძილის წინ ფიზიკური და გონებრივი აქტივობის შეზღუდვა, ასევე მასტიმულირებელი (მატონიზირებელი) სასმელების მიღება (განსაკუთრებით: კოფეინის შემცველი, რადგან კოფეინი ამცირებს მელატონინის გამომუშავებას, ენერგეტიკული სასმელები და სხვ.), საჭმლის და სითხეების მიღების შემცირება ძილის წინ. ასევე 1 საათით ადრე უნდა შეწყდეს ყველანაირი გასართობი ღონისძიებები, აქტიური აგზნებადი თამაშები, ეკრანებთან ყოფნა და სხვ.

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმა არ მოუწესრიგა ბავშვს ძილი, მაშინ ექიმი მიმართავს მედიკამენტურ (წამლით) მკურნალობას.

ბავშვთა ასაკის ძილის დარღვევების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მცენარეული სედაციური საშუალებები. რაც შეეხება მედიკმენტურ თერაპიას, მათი სპექტრი ძალიან ფართოა და მხოლოდ კლინიცისტის (მკურნალი ექიმის) პრეროგატივას წარმოადგენს.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად ადრეული ასაკიდან!

Leave a reply