თებერვალი პრენატალური ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდში მაღალია დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი.
TORCH ინფექციები ფართოდაა გავრცელებული და განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ორსულისა და ნაყოფისთვის:

  • ტოქსოპლაზმა (Toxoplazma)
  • წითურა (Rubella)
  • ციტომეგალოვირუსი (Citomegalovirus)
  • ჰერპესვირუსი (Herpes).

ეს ინფექციები იწვევს ნაყოფის დაზიანებას, თვითნებურ აბორტს ან მშობიარობისას ჩვილის დაავადებას, რაც მის ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს. TORCH ინფექციებზე კვლევის ჩატარებას გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები პაციენტებს ურჩევენ ოჯახის დაგეგმვისას ან უკვე დამდგარი ორსულობისას, პირველ ტრიმესტრში, რათა შეამცირონ ინფექციებით გამოწვეული რისკები, როგორიცაა დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის საფრთხე. 

ციტომეგალოვირუსი TORCH ინფექციების ჩამონათვალიდან განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე რისკის ქვეშ აყენებს იმუნიტეტდაქვეითებული პაციენტების ჯანმრთელობას. ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის სითხეებით – სისხლი, ნერწყვი, შარდი, სპერმა, დედის რძე.

გადადება შეიძლება მოხდეს:

  • ნაყოფის მუცლად ყოფნისას, ინფიცირებული დედისგან გადაცემით
  • დედის რძით (ლაქტაციის პერიოდში)
  • ორგანოს ტრანსპლანტაციით
  • დაავადებული ადამიანის სხეულის სითხესთან კონტაქტის შემდეგ ინფექციის ლორწოვან გარსებში მოხვედრით
  • სქესობრივი გზით
  • სისხლის გადასხმით

ციტომეგალოვირუსით ინფიცირებული პაციენტი ვერ განიკურნება, თუმცა სიმპტომები ექვემდებარება მართვას. ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომები თითქმის არ ვლინდება ან შესაძლოა, გამოვლინდეს მონონუკლეოზის მსგავსი დაავადება – დაღლილობა, სიცხე და კუნთების ტკივილი.

არსებობენ რისკ-ჯგუფები:

მუცლად მყოფი ბავშვები, რომელთა დედაც ვირუსმატარებელია ორსულობისას. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს ნაადრევი მშობიარობა ან შეწყვეტილი ორსულობა. დაავადებული ჩვილები იბადებიან ძალიან პატარა წონით, ყვითელი კანითა და თვალებით.
ჩვილები – ციტომეგალოვირუსით მათი ინფიცირება ხდება მშობიარობის პროცესში ან დაბადებიდან მოკლე პერიოდში, დედის რძით.
დაავადებას ამ შემთხვევაში ახასიათებს პნევმონია, ნორმალური განვითარების ჩამორჩენა, მიკროცეფალია და სხვა პრობლემები, რამაც საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის და სმენის დაქვეითება, კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე და დისფუნქცია.
იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანები – მაგალითად ისინი, ვისაც ტრანსპლანტირებული აქვთ ორგანო ან დაავადებული არიან HIV-ით. მათი ინფიცირების შემთხვევაში, ირღვევა ორგანიზმის ნორმალური მუშაობის ფუნქცია, პრობლემები ექმნებათ: თვალებზე, ღვიძლზე, ფილტვებზე, ტვინზე და სხვა ორგანოებზე.

გართულების შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს მხედველობა, დაემართოს ჰეპატიტი, პნევმონია, თავის ტვინის ანთება და სხვა.

კვლევები

ციტომეგალოვირუსის ანტისხეულების განსაზღვრისას, IgM ანტისხეულების აღმოჩენა გულისხმობს ინფექციის მწვავე ფაზას და საჭიროებს დროულ მკურნალობას, ხოლო IgG ანტისხეულებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფექცია სახეზეა, თუმცა არააქტიურია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რეინფიცირების რისკი და თუ არ განვითარდა აქტიური იმუნოდეფიციტი, მკურნალობას არ საჭიროებს.

პრევენცია

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, მინიმუმ 15-20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ პატარა ბავშვებთან, პამპერსთან, ნერწყვთან და სხვა ლორწოვან მასასთან გაქვთ შეხება.
  • მოერიდეთ ბავშვის ცრემლთან ან ნერწყვთან შეხებას კოცნისას. ნუ აკოცებთ ტუჩებში, განსაკუთრებით ეს რეკომენდაცია ორსულებს ეხებათ.
  • ნუ გამოიყენებთ სხვების გამოყენებულ (ნაპირალ) ჭიქას ან სხვა სამზარეულო ინვენტარს.
  • გამოიყენეთ ბარიერული კონტრაცეპტივი სქესობრივი ურთიერთობისას.
  • ოჯახის დაგეგმვისას ან უკვე დამდგარი ორსულობისას, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები „ფარული ინფექციების“ გამოსავლენად.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply