სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – მითები და რეალობა
საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროული და პროფილაქტიკური კვლევები არ ხდება. გარდა იმისა, თემა ტაბუირებულია, ხშირად მის ირგვლივ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია – ე.წ. მითები.
STD (სგგდ) სხვადასხვა ტიპის პათოგენით (სოკო, ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი) გამოწვეული ინფექციური დაავადებებია.
ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტია, თუმცა გავრცელებული მითი, რომ მხოლოდ სქესობრივი აქტით გადაიდება, რეალობას არ შეესაბამება – დაავადებათა ნაწილის გადადება შესაძლებელია სისხლით, კანზე შეხებით, ინფიცირებულის ნივთების გამოყენებით ან მასთან საერთო ჰიგიენური საშუალებების მოხმარებით. ასევე, ყურადსაღებია, რომ ინფიცირებულ დედას შეუძლია დაავადოს ნაყოფი მუცლად ყოფნისას ან მშობიარობის პროცესში.
STD შორის ყველაზე გავრცელებულია ძირითადად, 8 პათოგენის მიერ გამოწვეული დაავადებები. 4 მათგანი სრულად განკურნებადია: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 357 მილიონი ადამიანი ინფიცირდება აღნიშნული ინფექციებით.
დარჩენილი 4 დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაბამისი სამედიცინო დახმარების ფარგლებში – ექვემდებარება მართვას. ეს ვირუსული დაავადებებია: B ჰეპატიტი, ჰერპესი (HSV), HIV, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV).
ინფორმაციის ნაკლებობის და საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, ძირითად რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ბარიერული კონტრაცეპტივის, კონდომის სწორი გამოყენების წესებისა და ნორმების შესახებ. ასევე რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც:
- წარსულში გადატანილი აქვთ რომელიმე სქესობრივი გზით გადამტანი დავადება
- ჰყავთ/ჰყოლიათ რამდენიმე პარტნიორი
- აქვთ დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა
მითია, თითქოს თუ პარტნიორს STD აქვს, აუცილებლად შეამჩნევთ.
ინფექციების ნაწილი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, არ ჰქონდეს გამოხატული ფორმა (გამონადენი, გამონაყარი და სხვ.) და არ ახასიათებდეს დისკომფორტი. ამის მიუხედავად, ინფექცია გადამდებია.
STD პაციენტებისთვის დამახასიათებელი ხშირი სიმპტომებია:
- ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი ურთიერთობისას
- წყლულები, გამონაყარი, შეწითლება, ქავილი სასქესო ორგანოების ან/და უკანა ტანის მიდამოებში
- მამაკაცების შემთხვევაში სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან/და შესიება
- უსიამოვნო გამონადენი ან სისხლი სასქესო ორგანოებიდან
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ნაწილისგან ეფექტური თავდაცვის საშუალებად კვლავ რჩება ბარიერული კონტრაცეპტივის (პრეზერვატივის) გამოყენება და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა. ამავდროულად, აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, რათა ინფორმირებული იყოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დაიცვათ თქვენი პარტნიორი, რადგან STDს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.
ზემოთ აღნიშნული დაავადებები ხშირად ხდება მიზეზი: უნაყოფობის, თვითნებური აბორტის, შეწყვეტილი ორსულობის, ახალშობილთა განვითარების პათოლოგიების, სხვადასხვა ორგანოს ნორმალური ფუნქციის დარღვევის და სხვა.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად, დაძლიეთ სტიგმა, ჩაიტარეთ პერიოდული პროფილაქტიკური კვლევები!