კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომები – რა უნდა გავითვალისწინოთ?

ზაფხულში კვებითი ინტოქსიკაციები ფართოდაა გავრცელებული. გასაკვირი არც არის, ბუნებაში პიკნიკების, განტვირთვის, ქურასთან გატარებული შემცირებული დროის პირობებში საკვების დამუშავებაზე ნაკლებს ვფიქრობთ. ყურადღების მოდუნებით კი, ბაქტერიები და პარაზიტები სარგებლობენ. მათი გამრავლებისთვის საუკეთესო პირობები – ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობაა.

საკვებით მოწამვლის ნიშებია:

  • ღებინება
  • გულძმარვა
  • დიარეა
  • მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი
  • სიცხე

ნუ შეცდებით და იფიქრებთ, რომ ბაქტერიის, ვირუსის თუ პარაზიტის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში იგრძნობთ დისკომფორტს, ასე არ არის, სიმპტომების განვითარებას შესაძლოა საათები ან დღეები დასჭირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია უმართავი გახდა, მაგალითად გაწუხებთ:

  • ხშირი ღებინება
  • სისხლიანი განავალი
  • დიარეა 3 დღეზე მეტი დროის მანძილზე
  • მოვლითი ტკივილები მუცელში
  • 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა
  • გაუწყლოვების ნიშნები (პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, სისუსტე)
  • მხედველობის დაქვეითება
  • კუნთების ტკივილი

აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, სხვა შემთხვევებში კი კვებითი ინტოქსიკაცია რამდენიმე დღეს გასტანს მსუბუქი დისკომფორტის ფონზე.

რჩევები პრობლემის პრევენციისთვის:

ყველაზე დიდი სიფრთხილე მშობლებს მართებთ. მთელი წლის მანძილზე ნანატრ არდადეგებს ბავშვები ტყე-ღრეში, ბუნებაში, მდინარეების ნაპირზე თამაშში ატარებენ. ხელს კიდებენ ყველას და ყველაფერს რასთან შეხებაც შესაძლებელია, შესაბამისად, მარტივია ბაქტერიისა თუ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრა. გაითვალისწინეთ, კვებითი ინტოქსიკაციის გამომწვევები ორალურ-ფეკალური გზით ხვდებიან ორგანიზმში, ამიტომ ბავშვებისთვის ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნითი დაცვა აუცილებელია.

ნურც უფროსები მოვდუნდებით და მიუხედავად ზაფხულის აუტანელი სიმსუბუქისა, საკვების მომზადებისას გავითვალისწინოთ კვების ტექნოლოგებისა და მედიკოსების რეკომენდაციები:

  • ნუ გაალღობთ საკვებს ოთახის ტემპერატურაზე. საყინულიდან მაცივრის ქვედა თაროზე გადმოიტანეთ, გამდინარე წყალში ჩადეთ ან მიკროტალღური ღუმელი გამოიყენეთ.
  • გამოყავით საჭრელი დაფა ხორცისა და თევზისთვის, ასევე ცალკე დაფა სხვა საკვების დასაჭრელად, რათა უმი ნედლეულისგან არ მოხდეს ბაქტერიის გავრცელება, ე.წ ჯვარედინი დაინფიცირება. ანალოგიური პრინციპით შეინახეთ უმი და მზა სხვა საკვები.
  • თუ ცხოველისა და ფრინველის ხორცს თერმულად ამუშავებთ, მაშინ გარეცხვა საჭირო აღარაა. არ გარეცხოთ, რადგან შხეფებით შესაძლებელია კამპილობაქტერ ჯეჯუნის გავრცელება თქვენს სამზარეულოში. სწორედ ის არის კვებითი მოწამლვის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ბაქტერია.
  • დაუმეგობრდით საკვების თერმომეტრს. დიახ, ინტოქსიკაციის გამომწვევი ბაქტერიებისა და პარაზიტების განადგურება შესაძლებელია სწორი თერმული დამუშავებით:  

საქონლის ფარში 71.1 C-ზე, სტეიკი, ხბოს ან ცხვრის ხორცი – მინიმუმ 62.8 C-ზე, ხოლო ინდაურისა და ქათმის ხორცი – 73.9 გრადუსზე.

  • შეძენიდან თუ დამზადებიდან, მალფუჭებადი საკვები ზუსტად 2 საათში უნდა შეინახოთ მაცივარში, თუმცა თუ ოთახის ტემპერატურა 32 გრადუსს სცდება, მაქსიმალური დაყოვნების დრო 1 საათით განსაზღვრეთ.
  • სალათის ფოთლები და მწვანილი – 10-15 წუთის მანძილზე გააჩერეთ გამდინარე წყალში, რათა თვალით უხილავმა ბაქტერიებმაც დატოვოს ზედაპირი. სალათის ფურცლები სასურველია გადმოიტანოთ ნამიან ხელსახოცზე და სათითაოდ შეამშრალოთ, რათა დარწმუნდეთ მათ სისუფთავეში.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვადებსა და შენახვის პირობებს.

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ უზრუნველ ზაფხულს გისურვებთ.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply