პროლაქტინი და მისი მნიშვნელობა ორგანიზმში

პროლაქტინი, როგორც სახელიც გკარნახობთ, ლაქტაციისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონია, თუმცა სხვა ფუნქციებზეც აქვს გავლენა.
ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სექსუალური ცხოვრების ხარისხი, ნივთიერებათა ცვლა და ძლიერი იმუნური სისტემაც კი, დამოკიდებულია ჰორმონალურ ბალანსზე, მათ შორის სისხლში პროლაქტინის ნორმალურ დონეზე.

პროლაქტინის მომატებული დონე სისხლში, ქალების შემთხვევაში იწვევს: მენსტრუალური ციკლის არევას, უნაყოფობის ან დაორსულების პრობლემას. მამაკაცების შემთხვევაში: დაქვეითებულ ლიბიდოს და გაუარესებულ სქესობრივ ცხოვრებას.

საინტერესო ფაქტია, რომ პროლაქტინის მომატებული დონისას არაორსულ ქალებსა და მამაკაცებშიც კი, შესაძლოა გამოხატული იყოს რძის გამოყოფა.

ორსულობაში პროლაქტინის დონის მინიმუმ 10-ჯერ მომატება ნორმალურია და რძის გამომუშავებას იწვევს, თუმცა სხვა შემთხვევაში მისი ზრდის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს: ემოციური სტრესი, გადაღლა, ფიზიკური დატვირთვა, რიგი დაავადებები (მათ შორის პროლაქტინომა-ჰიპოფიზის სიმსივნე) და სხვადასხვა მედიკამენტები.

პროლაქტინის განსაზღვრა ხდება ზოგადად ჰორმონალური ფონის კვლევისას ან/და შემდეგი ჩივილებისას:

  • თავის გამუდმებული ტკივილი
  • მხედველობის საგრძნობი დაქვეითება
  • რძის გამოყოფა არაორსულ ქალებში და მამაკაცებში
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა
  • მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითება, ერექციისა და იმპოტენციის პრობლემები,

ასევე, ჰიპოფიზის ფუნქციის კვლევისას.

გამომდინარე იქიდან, რომ პროლაქტინის დონე სისხლში იცვლება დღის მანძილზე, კვლევა ტარდება დილას, გაღვიძებიდან 3-4 საათის მანძილზე. პაციენტი უნდა იყოს უზმო, მშვიდ მდგომარეობაში. მოსამზადებელ პერიოდში, ანუ ანალიზამდე 24 საათის მანძილზე, სასურველია, მოერიდოთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს.

ხშირად, პროლაქტინის დონეზე სისხლში მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ორსულობა, ციკლის სხვადასხვა ფაზა, მენოპაუზა, ასევე მედიკამენტები (განსაკუთრებით ჰორმონალური), რომელსაც შესაძლებელია იღებდეს პაციენტი. ასეთ შემთხვევაში, ანალიზამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

პროლაქტინი და მენოპაუზა

ქალებს, რომელთაც მენოპაუზის პერიოდი გაიარეს, შესაძლოა პროლაქტინის დონის დარღვევის სიმპტომატიკა არც აღმოაჩნდეთ მანამ, სანამ აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება. ჭარბი პროლაქტინი მენოპაუზის შემდგომ, ხშირად იწვევს ჰიპოთირეოიზს. პათოლოგიის სიმპტომატიკა კი შემდეგია: სისუსტე (ენერგიის არარსებობა), დეპრესიულობა, წონის მატება, კუნთების ტკივილი, ცივი ტემპერატურის აუტანლობა.

ექიმთან დროული ვიზიტი, მის მიერ დანიშნული ჰორმონალური კვლევა და სწორად წაკითხული ანალიზი აგარიდებთ თავიდან რიგ პათოლოგიურ პროცესებს ან დაგეხმარებათ მის მართვაში!

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply