პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომები გამოხატული ნევროლოგიაში

პანდემიიდან ერთი წლის თავზე, უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ტერმინს “პოსტკოვიდური სინდრომი” (Long Covid). ამ ქოლგა დასახელების ქვეშ ერთიანდება ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომლითაც COVID-19 გადატანილი პაციენტების დაახლოებით 20% აღნიშნავს ხანგრძლივ, პათოლოგიურ სიმპტომებს, რომელიც გრძელდება 3 თვემდე, ზოგჯერ კი (დაახლოებით პაციენტთა 2,3-ში) უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციის დებიუტში იგი მიჩნეული იყო ქვედა სასუნთქი გზების “მტრად”, აღმოჩნდა, რომ COVID-19 გულგრილი ნერვული სისტემის მიმართაც არაა გულგრილი და მისი დამაზიანებელი ტროპიზმი საგრძნობია, როგორც დაავადების მწვავე პერიოდში, ასევე მის შემდეგაც.

გამოჯანმრთელების დრო განსხვავებულია და პოსტკოვიდური პერიოდიც დატვირთულია ნევროლოგიური სიმპტომატიკით, რაც ბუნებრივად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

შეიძლება გამოვარჩიოთ:

იშვიათი ნევროლოგიური გართულებები: სისხლძარღვთა თრომბოზის შედეგად განვითარებული ინსულტი და ჰემორაგიული ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), ასევე მიელიტი (ზურგის ტვინის ანთება, რომელსაც ახასიათებს მოტორული სისუსტის, მგრძნობელობითი დარღვევები და აუტოიმუნური დისფუნქციის განვითარება).

ADEM – სინდრომი — მწვავე დისემინირებული ენცეფალიტი, რომელიც იძლევა გაფანტული სკლეროზის მსგავს სურათს და მიმდინარეობს კიდურებში ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებებით და კრამპით, ზოგჯერ მიმდინარეობს შეუპოვარი თავბრუსხვევით და მენტალური სტატუსის შეცვლით, გულყრებით. საბედნიეროდ მსგავსი გართულებები ძალზედ იშვიათია. უფრო ხშირია ე.წ საშუალო, ან მსუბუქი გართულებები.

ხშირი ჩივილების რიცხვს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნეიროკოგნიტური დარღვევები “ბურუსი ტვინში”, ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები — შფოთი, დეპრესია.

1. თავის ტკივილი

მუდმივი, მოჭერითი ტკივილი მთელ თავში, განსხვავებით შაკიკისეული ცალმხრივით, რომელიც ძლიერდება შუქზე, ხმაურზე და ქარზე.

2. თავბრუსხვევა

მიმდინარე არამყარობის, მდგრადობის დარღვევა — გადაქანების ტიპით, გულის წასვლის მსგავსი შეგრძნებებით, გულისრევის შეგრძნებებით.

3. უძილობა

ჩაძინების პრობლემები, ზერელე, წყვეტილი ძილი, “არეული”, “ფერადი” სიზმრებით, გამოღვიძება-გამორკვევის გაძნელებით.

4. ნეიროკოგნიტური დარღვევები

“ტვინის ბურუსი”, მეხსიერების დაქვეითება, აზროვნების შენელება.

5. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება

ნევრიტები, მათ შორის რადიკულიტი, ასევე კრანიალური ნერვების დაზიანება: ყნოსვა, გემოვნება, სახის ნერვის დაზიანება, ტკივილი სახეზე.

6. ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები

აღგზნება, შფოთი, აპათია, ასთენია.

თუ COVID-19 დაამარცხეთ, თუმცა გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიათა ნაწილი, სასურველია დროულად გაიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან, რათა შეფასდეს არსებული სურათი და დაინიშნოს მკურნალობა. პოსტკოვიდი დაძლევადია პროფესიონალთა ჩართულობით.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply