პოსტკოვიდი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

პანდემიის ერთ წლის თავზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი კორონავირუსის ზემოქმედების კვლევა ორგანოთა სხვადასხვა სისტემაზე. როგორ აისახა COVID-19-ის გავლენა ორსულობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?! ამ თემის გარშემო არსებულ ყველა მწვავე საკითხს სამედიცინო ცენტრ ციტოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, სოფო კვალიაშვილი განიხილავს.


პირველ რიგში, მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ COVID-19-ის (SARS-CoV-2) გარშემო. როგორც იცით ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ — ასიმპტომურია, ზოგჯერ კი სუნთქვის უკმარისობით ან პოლიორგანული უკმარისობით ვითარდება. ინკუბაციური პერიოდი 4-5 დღიდან 14 დღემდე გრძელდება. პირველი სიმპტომები უმეტესად ინფიცირებიდან 4-5 დღეში ვლინდება. სუნთქვის გაძნელება უვითარდება პაციენტთა 20-30%-ს და ვლინდება ინფიცირებიდან 5-8 დღეში.

არიან თუ არა ორსულები უფრო მეტად რისკის ქვეშ COVID-19-თან ასოცირებული გართულებების თვალსაზრისით?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებისას ნაადრევი მშობიარობის რისკი მცირედით აღემატებოდა არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს.

აინფიცირებს თუ არა ორსული ნაყოფს?

არ არსებობს მტკიცებულება, რომ sars-cov-2 გადის პლაცენტარულ ბარიერს და აინფიცირებს ნაყოფს. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პლაცენტის ქსოვილის მემბრანა კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა. რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნებოდა ნაყოფის ინფიცირება, თუმცა არ იყო დაზუსტებული, ინფიცირება ინტრანატალურად მოხდა თუ დაბადებისას.

შეიძლება თუ არა ორსულის ვაქცინაცია?

მტკიცებითი მედიცინის პასუხი ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს, ვინაიდან არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევები და დაკვირვება ორსულ პაციენტებზე. დანამდვილებითი რეკომენდაციის გასაცემად გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ არსებულ მტკიცებულებას.
მაგალითად IFFS/ESHR ევროპის ემბრიოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოების მიერ გამოცემულ დადგენილებაშიც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე ორსულ ან ორსულობის დაგეგმვის პროცესში მყოფ ქალებს ვერ აძლევენ გადაჭრით რეკომენდაციას ვაქცინაციაზე.
თუმცა, დედათა და ახალშობილთა ასოციაციის პოზიცია განსხვავებულია. MFM მიერ გამოქვეყნდა რეკომენდაცია Pfizer-ის წარმოებული ვაქცინით Bion tech-ით ორსულების ვაქცინაციის შესახებ.
დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს COVID-19-ის ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

მოცემულ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ქალის რეპროდუქციული ორგანოები, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ქსოვილი, ვაგინალური სეკრეტი, ამნიონური ან პერიტონიალური სითხე თავისუფალია კორონავირუსით ინვაზიისგან.

არ არის მტკიცებულება რეპროდუქციული ორგანოების ვირუსით ინვაზიის შესახებ, არსებობს გარკვეული მონაცემები სპერმატოგენეზის დარღვევის შესახებ. მამაკაცთან ფერტილობის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს COVID-19 ის გადატანიდან მომდევნო 72-90 დღის განმავლობაში, რაც სპერმის კონცენტაციისა და მოძრაობის ხარისხის დაქვეითებით აიხსნება, ასევე, შესაძლებელია, ვირუსმა გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების ანთებითი დაავადება.

მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უროლოგიის ასოციაციის (SMRU SSMR) მიერ გამოქვეყნდა შემაჯამებელი დადგენილება, რის მიხედვითაც მამაკაცებს, რომლებიც ოჯახს გეგმავენ ან უნაყოფობის კუთხით მკურნალობის პროცესში არიან, რეკომენდაცია ეძლევათ ვაქცინაციაზე.
ASRM (ამერიკის რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია) იძლევა რეკომენდაციას, ვაქცინირებული იქნას რეპროდუქციული ასაკის წყვილები, რომლებიც გეგმავენ ოჯახს ან ინ ვიტრო განაყოფიერებას.


იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსული ინფექცია გარკვეულ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და, მათ შორის, რეპროდუქციულ სისტემაზე, სასურველია წყვილმა, რომელიც გეგმავს ორსულობას ან უნაყოფობის შემთხვევაში ესაჭიროება მკურნალობა, გაიაროს რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, რათა დაიგეგმოს კვლევისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. პრობლემა აქტუალურია და შემდგომ დაკვირვებასა და კვლევებს საჭიროებს.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply