ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის სიმპტომები და მახასიათებლები
წლიდან წლამდე სულ უფრო იმატებს ენდოკრინული სისტემის პათოლოგიათა რიცხვი საქართველოში; მეტიც, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციათა რისკ-ჯგუფში შემავალ პირთა ასაკმა საგრძნობლად იკლო და დღეს სულ უფრო მეტ ბავშვს და მოზარდს აწუხებს აღნიშნული პრობლემა.
ფარისებრი ჯირკვალი ხორხის ქვეშ, ტრაქეის წინ მდებარეობს და პეპლისებრი ფორმა აქვს. ის გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ჰორმონებს, რომელთაც გავლენა აქვთ ნერვულ, საჭმლის მომნელებელ, სასქესო, რეპროდუქციულ, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ორგანოთა სისტემებზე.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერიოდული ვიზიტი სამედიცინო ცენტრში და ექიმის მიერ დანიშნული სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარება. მათ რიცხვს მიეკუთვნება:
ექოსკოპიური კვლევა — ულტრაბგერითი კვლევით ხდება ორგანოს დათვალიერება, მისი ზომების და სხვა სტრუქტურული პარამეტრების განსაზღვრა
ჰორმონალური კვლევა — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ სპექტრზე ანალიზები მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ექიმს სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესზე.
ანტისხეულების განსაზღვრა — თირეოიდული ანტისხეულების გამოკვლევის მიზანია პათოლოგიის აუტოიმუნური ხასიათის დადგენა, რათა უკეთ დაინიშნოს მკურნალობის პროცესი.
არსებობს კვლევის სხვა მეთოდებიც, რომელთაც დღეს არ განვიხილავთ.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები შეგვიძლია რამდენიმე ნიშნის მიხედვით დავყოთ:
სტრუქტურული ცვლილებით მიმდინარე
ჯირკვლის ზომების ცვლილება, ჩანასახები, კვანძები; მათ რიცხვში შედის ჩვენს ქვეყანაში ასე გავრცელებული ჩიყვი, რომელიც ძირითადად იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა.
ჩიყვი თავის მხრივ შესაძლოა იყოს:
ენდემური — კონკრეტული გეოგრაფიული არეალში გავრცელებული, მაგალითად მთიან რეგიონებში სადაც საკვები და წყალი იოდით ღარიბია
კვანძოვანი — ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი ჩანასახებით გამოწვეული, რომელიც შესაძლოა იყოს კეთილ ან ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი.
დიფუზური — რომელიც შედარებით მარტივი ფორმაა და პაციენტების ნაწილი მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან შესაძლოა ჰორმონალური დარღვევა არ აღინიშნებოდეს და მხოლოდ ჯირკვალი იყოს გადიდებული.
დიფუზურ-ტოქსიკური — პათოლოგია, რომლის დროსაც ჰორმონების განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობა გამომუშავდება.
ფუნქციური ცვლილებებით მიმდინარე
ალბათ ყველას სმენია თირეოტროპული ჰორმონის, TSH შესახებ, რომლის კვლევაც ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად.
აღნიშნული პარამეტრის ნორმიდან გადახრა შესაძლოა მანიშნებელი იყოს ჰიპერთირეოიდიზმის (ჯირკვლის ფუნქციის მომატების) ან ჰიპოთეირეოდიზმის (ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით). როგორც წესი, აღნიშნულ ანალიზთან ერთად T3 და T4 ტესტები ინიშნება.
სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებებით მიმდინარე
აღნიშნულ შემთხვევაში ცვლილებებია როგორც ჯირკვლის სტრუქტურაში, ასევე დარღვეულია ჰორმონალური სინთეზი.
ენდოკრინული სისტემის დაავადებები ხშირად ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს და პაციენტის დისკომფორტის დონეზე აღიქმება, თუმცა ყურადსაღებ ჩივილებს მიეკუთვნება:
- მეხსიერების დაქვეითება
- არტერიული წნევის არასტაბილურობა
- ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგია
- წონის მომატება/დაკლება
- უძილობა/ძილიანობა
- ჭარბი ოფლიანობა
- კანკალი/სიცივის შეგრძნება
- მომნელებელი სისტემის დარღვევები
- აღგზნებადობა
და სხვა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პრევენციისთვის უტყუარი რეკომენდაციები არ არსებობს. დროული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური გამოკვლევები რჩება ერთადერთ სანდო და ეფექტურ საშუალებად აღნიშნული პათოლოგიების დროული გამოვლენისა და მკურნალობისთვის.
სამედიცინო ცენტრი ციტო შეგახსენებთ, ნებისმიერი ორგანოთა სისტემის კვლევისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა უმჯობესია, დაინიშნოს ექიმის მიერ.
დანიშნეთ პროფესიონალ კონსულტაცია და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!