ლაქტაციის პერიოდში ჩასატარებელი კვლევები

ჩვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარების უმნიშვნელოვანესია ბუნებრივი კვება. დედის რძე აყალიბებს ძლიერ იმუნურ სისტემას, იცავს პატარას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან, აუმჯობესებს მხედველობა და ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების, ჰოსპიტალიზაციის თუ სამედიცინო დახმარების საჭიროებებს.

იმისათვი, რომ რძემ უნიკალურ თვისებები შეინარჩუნოს და მეძუძური დედის ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტმა არ შეასუსტოს, სასურველია, პირადი ექიმის რეკომენდაციით, ჩატარდეს საპროფილაქტიკო კვლევები.

რამდენიმე კვლევას შორისაა, მაგალითად:

D ვიტამინი, რომელიც ჩვილის ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისა და სიმტკიცისთვისაა აუცილებელი.

B12 ხელს უწყობს ჩვილის გონებრივ განვითარებას, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებას.

კალციუმი ზრუნავს მშობლისა და ჩვილის ძვლების სიმტკიცეზე. როგორც თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, ლაქტაციის პერიოდში არასაკმარისი რაოდენობის კალციუმის მიღებისას, დედის ძვლოვანი მასის განლევამ შეიძლება 3-5%-ს მიაღწიოს.

C ვიტამინი – უზრუნველყოფს უჯრედების ჯანმრთელობას, დეტოქსიკაციას, ზრდას. იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციისგან. გახსოვდეთ, რომ მისი გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია და სრულად დამოკიდებულია დანამატებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი კონტროლი.

ფერიტინი – ლაქტაციისას, რკინა ორგანიზმიდან რძესთან ერთად გადის, ამიტომ აუცილებელია, მისი დონის კვლევა და, თუ საჭირო გახდა, ანემიის მკურნალობის დაწყება.

ვიტამინების დეფიციტი ორსულობის შემდგომ – ნორმალურია და არ უნდა იწვევდეს შიშს, თუმცა აუცილებელია ყურადღების დროული მიქცევა და შესაბამისი პროცედურების გატარება. რეკომენდებულია კვების რაციონის გამდიდრება რძის პროდუქტით, ბოსტნეულით, ხილით, ხორცითა და ბურღულეულით, დანიშნულებისამებრ – მულტივიტამინების მიღება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საკვები დანამატების თვითნებური მიღება არ შეიძლება, რადგან ვიტამინების, როგორც დეფიციტი, ასევე სიჭარბე – უარყოფითად აისახება დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე.

აქვე, შეგახსენებთ იმ 5 მიზეზს, რომლის გამოც ლაქტაციაზე უარს არ იტყვით:

  1. დედის რძის შემადგენლობა იდეალურია ბავშვის განვითარებისთვის

წარმოიდგინეთ, ის შეიცავს ყველა საჭირო მაკრონუტრიენტს, ვიტამინსა და ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა პატარას, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის. დედის რძის შემადგენლობა დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • წყალი – ეხმარება ჩვილს წყურვილის მოკვლაში, ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას;
  • ცილები – სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების პროტეინები თავის ტვინის, ორგანოების სტრუქტურულ განვითარებას და განმტკიცებას უზრუნველყოფენ;
  • იმუნოგლობულინი – ებრძვის ორგანიზმში მოხვედრილ ინფექციებს, ბაქტერიებსა და ალერგენებს;
  • ვიტამინები, მინერალები, ცხიმები – ყველა ის აუცილებელი აქტიური კომპონენტი, რომელიც ჩონჩხის ჩამოყალიბებასა და იმუნურ მდგრადობაზე ზრუნავს;

    2. მისი ჩანაცვლება ვერ ხდება ხელოვნური კვებით

განვმეორდეთ, რომ დედის რძე შეიცავს ბავშვის ზრდის, დაცვისა და განვითარებისთვის ყველა აუცილებელ კომპონენტს, ამავდროულად, შიმშილისა და წყურვილის დამაკმაყოფილებელ მაკრონუტრიენტებს. შესაბამისად, შემადგენლობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ინგრედიენტთა“ სიმრავლე, არამედ კომბინაციის უნიკალურობა. ვთანხმდებით, რომ თუნდაც გამოწველილი დედის რძე, გაცილებით სასარგებლოა ადაპტირებულ ნარევებთან შედარებით, რომელთა შემადგენლობაშიც მწირია იმუნური ფაქტორები.
დედის რძე გაცილებით ადვილად მოსანელებელია ბავშვისთვის, თითქმის არ აღინიშნება მასზე ალერგიული რეაქციები და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, მიღებული სიკეთე გაცილებით მეტია.
დედის რძე იცვლება ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად და კვებიდან-კვებამდე ზუსტად ისე, როგორც ბავშვის მოთხოვნილებაა მოცემულ ეტაპზე. მოკლედ, დედის რძე ნამდვილი მაგიაა.

3. ის ყოველთვის მზადაა

ეს ნახევრად-ხუმრობით, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ დედის რძე არის საკვები, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია, ზოგავს თქვენი ოჯახის ბიუჯეტს, სთავაზობს პატარას სრულფასოვან „რაციონს“, არ საჭიროებს შეთბობასა და ადუღებას, მარტივად რომ ვთქვათ – სულ მზად არის.
თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, სასურველია ძუძუთი კვება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიწყოს, ექსკლუზიურად, მხოლოდ დედის რძით გაგრძელდეს 6 თვემდე და ამის შემდგომ დაიწყოს ხელოვნური საკვების ჩართვა. 

4. გიცავთ რიგი დაავადებებისგან

გასაგებია, რომ ჩვილისთვის ძუძუთი კვება „პირველი აცრაა“ და იცავს რიგი დაავადებებისგან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედის ჯანმრთელობაში. სრულფასოვანი ლაქტაცია იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან, ამცირებს სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხის სიმსივნის რისკს, ასტიმულირებს საშვილოსნოს ზომის ნორმალურ პარამეტრებში დაბრუნებას, ასევე დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე და ამსუბუქებს ორსულობის შემდგომ დეპრესიას.

5. ქმნის უნიკალურ კავშირს

ემოციური და ფიზიკური კავშირი, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს, ბუნებრივი კვებისას ყველაზე მკაფიოდ ჩანს. თქვენი პატარა თავს მშვიდად, დაცულად და ბედნიერად გრძნობს, თქვენი ორგანიზმი კი დამამშვიდებელ ჰორმონს, ოქსიტოცინს გამოიმუშავებს და დადებითი შეგრძნებებით გავსებთ.

აქციეთ თქვენი და თქვენი პატარის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply