COVID-19 და დერმატოლოგია

არაერთხელ აღინიშნა, კოვიდ-19 კომპლექსური ვირუსია. არ არსებობს მედიცინის დარგი, რომელიც არ არის ჩართული მასთან ბრძოლაში; გამონაკლისს არც დერმატოლოგია წარმოადგენს. კანთან დაკავშირებულ გამოვლინებებზე ვრცლად გიამბობთ „ციტოს“ დერმატო-ვენეროლოგი, ნინო ორახელაშვილი.

‍COVID-19-ის კანთან დაკავშირებული ჩვენებები შესაძლოა განვითარდეს ინფექციის ნებისმიერ ეტაპზე (დასაწყისში, აქტიურ ფაზაში, ან პოსტ-კოვიდ ეტაპზე) სხვადასხვა სახით. ყველაზე ხშირად, დერმატოლოგთან პაციენტი გამონაყრის, თმის ცვენისა და კანის სიმშრალის ჩივილებით მოდის. გამონაყარი, უმეტესად, პოლიმორფულია, ვირუსული ეგზანთემის სახით, ასევე შესაძლოა იყოს: ურტიკარული (წააგავს ჭინჭრის ციებას) პეტექიების (წერტილოვანი სისხლჩაქცევების სახით) სისხლძარღვოვანი, ბადისებრი ლივედოს სახით, პაპულოზური, უმეტეს შემთხვევაში კი მოყინვის მსგავსი დაზიანებით კიდურებზე (ე.წ. COVID-თითები).

პოსტკოვიდ ჩივილებს მიეკუთვნება თმის ცვენა და კანის სიმშრალე. პაციენტთა 24% უვითარდება თმის ცვენა, რომლის ინტენსივობაც დამოკიდებულია თავად კოვიდ-19-ის სიმძიმეზე. მის მიზეზად მიიჩნევა:

1. მაღალი სიცხე

2. კოვიდის დროს მიღებული პრეპარატები

3. სტრესი.

თმის ცვენა კოვიდის პირველი სიმპტომების განვითარებიდან 2 თვეში იწყება და საშუალოდ 3-6 თვე გრძელდება. ეს უმეტესად შექცევადი პროცესია, თუ რა თქმა უნდა, არ ახლავს ლაბორატორიულად დადასურებული ვიტამინების ან მინერალების დეფიციტი (მაგალითად რკინის ან ფერიტინის).  მკურნალობის ტაქტიკის დასაგეგმად მნიშვნელოვანია თმის ცვენის ლოკალიზაცია.

გახსოვდეთ, აღნიშნული პათოლოგიების პრევენცია შეუძლებელია, ხოლო განკურნების ხანგრძლივობა და ეფექტურობა დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნურ პასუხზე.

დერმატოლოგთან დროული ვიზიტით გვეძლევა შესაძლებლობა, დავადგინოთ, ეს გახლავთ კოვიდ/ პოსტ-კოვიდ  მახასიათებელი თუ სულაც ალერგიული რეაქცია მკურნალობისას მიღებულ პრეპარატებზე. 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Leave a reply