„ციტოს“ სტიპენდიის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა
დღეს, 20 სექტემბერს სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ სასტიპენდიო კონკურსის მეორე, შესარჩევი ეტაპი გაიმართა. შერჩეულმა სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნათია შავდია, კლინიკური მენეჯერი, ნინო ბაკურაძე და მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მარიკა კერესელიძე.
„ციტოს“ სახელობის სტიპენდიის მიზანია, სამედიცინო მიკრობიოლოგიის დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში. წლევანდელი სასტიპენდიო კონკურსის თემაა ანტიბიოტიკორეზისტენტობა და მისი თანამედროვე გამოწვევები.
„სამედიცინო საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა 21-ე საუკუნის პრობლემაა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეტიოლოგიური აგენტების სწრაფი დიაგნოსტიკა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა; სამიზნე ანტიბიოტიკის არჩევა, ოპტიმალური დოზირება და მკურნალობა – ყველაფერს ამას სჭირდება სწორი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, კლასიკური და თანამედროვე ტექნოლოგიების სიმბიოზი ინტელექტუალურ რესურსთან ერთად. ვთვლით, რომ ლაბორატორიული კვლევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმების სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ასპარეზია,“- ამბობს სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, გიორგი სალდაძე.
სახელობითი სტიპენდია შერჩეულ სტუდენტზე გაიცემა 1 წლის მანძილზე ყოველთვიურად, თვეში 200 ლარის ოდენობით; სტუდენტს, ასევე, საშუალება ეძლევა, სტაჟირება გაიაროს „ციტოს“ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის განყოფილებაში.