ანტიბიოტიკორეზისტენტობა – გამოწვევა გლობალური მედიცინისთვის

სამედიცინო სტატიებს თუ გადახედავთ, ხშირად ამოიკითხავთ სასიხარულო ფრაზას „დღეს ეს დაავადება განკურნებადია“ და იაზრებთ რომ ადრე თუ გვიან მეცნიერება ყველა დაავადებას მოუძებნის გასაღებს.

ბევრი, ჯერ კიდევ განუკურნებელი დაავადების პარალელურად, არსებობს საფრთხე, რომელიც მსოფლიო სამედიცინო წრეებში სერიოზულ გამოწვევად განიხილება და  შესაძლოა კაცობრიობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ეს საფრთხეა ანტიბიოტიკორეზისტენტობა.

რას გულისხმობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა?

 სხვადასხვა ტიპის, თუნდაც უწყინარი ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრა ყურადსაღებია, მოითხოვს დროულ და სწორად დაგეგმილ მკურნალობას, რომელიც ანტიბიოტიკო თერაპიით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წამალი ადვილად ხელმისაწვდომია, ეფექტურობას ნელ-ნელა კარგავს. ანტიბიოტიკის აღმოჩენის დღიდან არსებობენ მიკროორგანიზმები, რომლებიც უბრალოდ არ ექვემდებარებიან მის მოქმედებას, მეტიც, სულ უფრო იკვეთება ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების რეზისტენტობის, ანუ გამძლეობის ტენდენცია.

მარტივად რომ ვთქვათ: მკურნალობისას მიღებულ წამლებზე მიკრობი უგრძნობია, არათუ ქრება, მრავლდება და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს.

რა ხდება ამ შემთხვევაში?

როგორც CDC მოხსენებაშია აღნიშნული, კარგად უნდა გაიმიჯნოს ის ფაქტორი, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული, არამედ იმას, რომ, უბრალოდ, ბაქტერიამ გამოიმუშავა მედეგობა მისი განადგურებისთვის შექმნილი წამლის მიმართ.

შესაბამისად, მსგავსი მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექცია რთულად, ან საერთოდ უკურნებელია. პაციენტი ხანგრძლივი დროით რჩება ჰოსპიტალში და გაწერის შემთხვევაშიც კი, საჭიროებს მუდმივ კონსულტაციას ექიმთან და ძვირადღირებულ მკურნალობას.

რა გველის მომავალში?

საფრთხე, რომელიც კაცობრიობის წინაშეა – რეალურია. 1928 წელს, ალექსანდრ ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენით გახდა ხელმისაწვდომი პირველი კომერციული ანტიბიოტიკი. ამ პერიოდში გაჩნდა ეჭვიც, რომ

ბაქტერიები გამოიმუშავებდნენ მისდამი მდგრადობას. შესაბამისად, კაცობრიობა დიდი ხანია ფიქრობს, როგორ შეაჩეროს ეს პროცესი. თუ ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტა არ გამოჩნდა, მაშინ მოგვიწევს დავნებდეთ იდეას, რომ დღეს განკურნებადი დაავადებების ნაწილი უკურნებელ სენად გადაიქცევა და სამედიცინო მანიპულაციების ნაწილი საერთოდ ვერ ჩატარდება.

რა არის საჭირო ამ ტენდენციის შესაჩერებლად?

იმისთვის, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა შეჩერდეს აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. პაციენტების მიერ შეწყდეს ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება, სამედიცინო პერსონალის მიერ ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება ზედმიწევნით განისაზღვროს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სტრატეგია: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის, ასევე ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენებისა თუ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

რა შემიძლია გავაკეთო მე?

დაიცავით საკუთარი თავი და გარშემომყოფები ანტიბიოტიკორეზისტენტობისგან:

  • თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი, მიიღეთ ზუსტად იმ დოზირებით, როგორც დანიშნულებაშია.
  • ნუ შეწყვეტთ მის მიღებას თვითნებურად, უკეთესად გახდომისთანავე – ამით თქვენ ბაქტერიის გაძლიერებას უწყობთ ხელს.
  • ნუ შეინახავთ სამომავლოდ და მიიღებთ თვითნებურად
  • ნუ მისცემთ სხვას რჩევას, გამოიყენოს აღნიშნული ანტიბიოტიკი.

გახსოვდეთ, თქვენი წილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენარჩუნებაში უდიდესია.

Leave a reply