4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა

მიმდინარე კვირაში, გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ სიმსივნესთან ბრძოლაში, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. უმეტესწილად, დროული ვიზიტი ექიმთან, სკრინინგ პროცედურები და ექიმის მიერ დანიშნული ანალიზები იძლევა პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების საშუალებას. 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის, აუცილებელი საპროფილაქტიკო კვლევა გახლავთ PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) ტესტი, რომელსაც ნიშნავს უროლოგი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ექიმი აფასებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, ადგენს ბიოფსიის აუცილებლობას და სხვ. სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, ამ კვლევის საფუძველზე, უკვე დაწყებული მკურნალობის ეფექტურობაც შეიძლება განისაზვროს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია, ანალიზი დანიშნოს და მისი პასუხი გაშიფროს კვალიფიციურმა ექიმმა, რადგან ხშირად, წინამდებარე ჯირკვლის ანთება, პროსტატის ნებისმიერი დაავადება, სექსუალური და ყოველდღიური ცხოვრებისას დატვირთვა და სხვა ფაქტორები იწვევს PSA-ს დონის მომატებას სისხლში, ამიტომ შეიძლება მოხდეს პაციენტის მიერ წაკითხული შედეგის ინტერპრეტირება და არასწორად გაგება.

საკვლევ მასალას წარმოადგენს ვენური სისხლი. ანალიზამდე აუცილებელია შესაბამისი მომზადება. ტესტის გაკეთებამდე 48 საათით ადრე, სასურველია თავი შეიკავოთ სქესობრივი ურთიერთობისგან, არ დაიტვირთოთ ფიზიკურად და, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოთერაპიულ ან მსგავს კურსს გადიხართ, ინფორმაცია მიაწოდეთ ექიმს.

ქალებისთვის მნიშვნელოვანი სკრინინგ პროცედურაა პაპილომა ვირუსის გენოტიპური კვლევა, რომელსაც გინეკოლოგი ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ვირუსული აგენტის აღმოჩენისთვის, ოქროს სტანდარტს წარმოადგენს PCR (პჯრ) კვლევა.

HPV-DNA სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა. შესაბამისად, კვლევის მიზანს მხოლოდ სიმსივნის აღმოჩენა არ წარმოადგენს, არამედ მისი რისკ-ჯგუფების განსაზღვრაც არის შესაძლებელი ადრეულ სტადიაში, იქამდე სანამ ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს.

პაპილომავირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაბალი რისკის გენოტიპის აღმოჩნდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი ძალიან მცირე ან საერთოდ არ არის კვლევიდან უახლოესი 5 წლის განმავლობაში.

მაღალი რისკის პაციენტებს კი მკურნალი ექიმი მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და შესაძლოა დამატებითი კვლევები და მკურნალობა დაინიშნოს.

ჩვენი, როგორც სამედიცინო ცენტრის მოწოდებაა, ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზი დაინიშნოს უშუალოდ ექიმის მითითებით. თვითნებურად რაიმეს გადამოწმებისას, ხშირად ხდება გაუგებრობა და პაციენტს არასწორი წარმოდგენა ექმნება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს სამომავლო კვლევების ჩასატარებლად.

ადრეული დიაგნოსტირება ამცირებს სიმსივნის რისკებს. ინფორმირებული ადამიანი კი ყველაზე დაცულია.

შეამცირეთ ონკო-რისკები, ჩაიტარეთ გეგმური სკრინინგი და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!

Leave a reply