10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ წონაში დაკლებას გეგმავთ

დღესასწაულების შემდგომ, წონაში სწრაფი კლებისთვის განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მივმართავთ, რაც ხშირად, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ციტოს“ გასტროენტეროლოგი, მანანა კვარცხავა იმ 10 საბაზისო რჩევას გვიზიარებს, რაც ხშირად „მოდიეტეებს“ ყურადღების მიღმა რჩებათ:

1. ყველაზე გავრცელებულია მითი, რომ 18:00 საათის შემდგომ საკვების მიღება ასუქებს ადამიანს ან აფერხებს მისი წონაში კლების პროცესს. მოდით შევთანხმდეთ, რომ საკვებში შემავალი კალორიები, დღის ნებისმიერ შუალედში – ერთნაირია. წონის მატება/კლების პროცესი კი, დამოკიდებულია ჩვენს მიერ მიღებული და დახარჯული კალორიების თანაფარდობასთან. რეკომენდებულია, ვახშამი იყოს მსუბუქი, ცილებით სავსე და მიირთვათ დაძინებამდე 3 საათით ადრე, ასე თავიდან აირიდებთ კუჭის მომატებულ მჟავიანობას, ორგანიზმისთვის სტრესულ შიმშილს და  მომდევნო დილას გაძლიერებულ მადას, რომელიც მაღალკალორიული საუზმით სრულდება.

2. ასევე, ხშირად დაშვებულ შეცდომებს მიეკუთვნება რაციონიდან პურის სრულად ამოღება. არ არის სასურველი რბილი, ახლადგამომცვარი, ფუმფულა პურის ჭამა, რომელიც დაბალი  ბიოლოგიური ღირებულებისაა. ჩაანაცვლეთ ის ქატოს,  ცეცხვილი, სრულმარცვლოვანი ან სასარგებლო დანამატების მქონე პურის თუნდაც 1 ნაჭრით, დღიურად. ასეთი პური ჯანსაღი, ყოველდღიური რაციონის აუცილებელი კომპონენტია. პური შეიცავს ისეთ აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი და რკინა, B ჯგუფის ვიტამინები. ლოგიკურია, რომ მისი მიღება ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას, სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის და დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე რიგ პროცესებზე. 

3. მითი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს, არც მეტი და არც ნაკლები, თაფლს შეეხება. წონაში დასაკლებად, შაქრის თაფლით ჩანაცვლება არაფერს მოგცემთ. შაქარსა  და თაფლში დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის გლუკოზა და ფრუქტოზაა, ასევე მსგავსია კალორიები. შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ მისი შემცვლელი გამოიყენოთ.

4. მიიღეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები – მისი მთავარი წყარო მცენარეები, მარცლეული, პარკოსნები, ბოსტნეული და ხილია. უჯრედისი ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში და ეხმარება მომნელებელ სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში.

5. გაითვალისწინეთ, არ არსებობს საკვები, რომელიც ცხიმს „წვავს“. ანანასი თუ გრეიფრუტი სასარგებლო, დაბალკალორიული, ვიტამინებით სავსე ხილია და მაღალკალორიული სასუსნავის იდეალური ალტერნატივაა, თუმცა ცხიმის წვის „სუპერძალა“ არ გააჩნია. 

6. თხევადი კალორიები ყველაზე „ფარული“ და „მავნეა“.

გახსოვდეთ, რომ კალორიები ითვლება სასმელშიც.  ტკბილი, გაზიანი, დაპაკეტებული გამაგრილებელი თუ ალკოჰოლური სასმელი სრულად უნდა ამოიღოთ მოხმარებიდან სწორად კვებისას.

7. იმოძრავეთ! კლების პროცესი მიმდინარეობს კალორიების დეფიციტისას. ეს ის პროცესია, როდესაც მიღებულზე მეტი კალორია იწვება, ამის საუკეთესო გზა კი არა შიმშილი, არამედ დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა.

8. ნუ ამოიღებთ ცხიმს რაციონიდან. აუცილებელია ისწავლოთ სწორი არჩევნის გაკეთება. ტრანს-ცხიმები მავნეა და ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტებში გვხვდება, ხოლო ჯანსაღი ცხიმები (სხვადასხვა მცენარეული თუ ცხოველური) სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს და გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაა სასარგებლო. მაგალითად, ომეგა-3 ხშირად იღებენ დანამატის სახით, რადგან არა მხოლოდ გულსისხლძარვთა სისტემისთვის, არამედ არტერიული წნევისთვის, მხედველობისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. სანამ მსოფლიო მედიცინა დანამატების ავკარგიანობაზე მსჯელობს, ამ ცხიმოვანი მჟავის საკვებიდან მიღებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამისთვის საჭიროა რაციონში ჩავრთოთ თევზი, კვერცხი, ნიგოზი, ჩია. 

9.  დეტოქსი მითია!

არსებულ რეალობაში არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლითაც დეტოქსის დადებითი მოქმედება დასტურდება ორგანიზმზე. ჩვენი ორგანიზმი მუშაობს ბუნებრივი ფილტრატებით, სისხლი მუდმივად იწმინდება, ტოქსინების გამოდევნისთვის არსებობს შარდი, ფეკალიები, ოფლი. ღვიძლი ტოქსიკურ ნივთიერებებს უსაფრთხოდ გარდაქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დეტოქს სასმელები და დიეტები ორგანიზმის მავნე ტოქსინებისგან გათავისუფლებას გვპირდება, რაც ზედმეტად გაბუქებულია. მისი ალტერნატივა განტვირთვის დღეებია, რომელიც საჭიროებისამებრ, თვეში 1-2-ჯერ შეიძლება მოეწყოს. ამ დღეს მიიღეთ ერთი სახის ხილი, ბოსტნეული, იმ რაოდენობით, რაც შიმშილს გაგიქრობთ, აუცილებლად მიიღეთ წყლის საკმარისი რაოდენობა. ეს მეთოდი უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და ფორმაში ყოფნას უწყობს ხელს.

10. აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად და გახსოვდეთ, სწორი კვება ნებისმიერი სხეულის მასის ინდექსის მქონე ადამიანს ესაჭიროება.

Leave a reply