გული და კარდიო

ადამიანმა გულს, რომელიც ადამიანის მუშტისოდენა წარმონაქმნია და მისი წონა დაახლოებით სულ რაღაც 200 გრამს შეადგენს, ბევრი ადამიანური თვისება შესძინა, გაადამიანურა სულიერ არსებად აქცია, რომელსაც ესმის, ხედავს, გრძნობს, ამიტომაც ხშირად გვესმის: გულისყურით მოსმენა, გულით ხედვა, გულის დარდი, გულის წუხილი, გული გრძნობს, გულამოსკვნილი ტირილი და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ზეადამიანური თვისებებითაც შეამკო, გულით მჯერა და გონებით კი არა უთქვამს მავანს.

ადამიანმა ყველაზე სათუთი გრძნობა გულს დაუკავშირა და ამ გრძნობის გამოხატვა სიტყვების გარეშეც გულის გამოსახულების გაგზავნით უკვე მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ჩვენი ქმედება და ჩვენი ემოციები ტვინიდან მოდის, ადამიანები ემოციების წყაროდ  გულს მიიჩნევენ, სწორედ გული იწყებს აჩქარებას, როდესაც საყვარელ ადამიანს ვხედავთ, ჩვენივე გულისცემა გვესმის, როდესაც ვნერვიულობთ ან რამეს განვიცდით. გული არის ერთადერთი ორგანო, რომლის ტკივილი აუტანელია და ამ ტკივილის მოთმენა ადამიანს არ შეუძლია. სწორედ მაშინ გრძობს პირველად ადამიანი სიკვდილის შიშს და სიცოცხლის დათმობა არ სურს. ამიტომაც არის, რომ ადამიანი სიკვდილის ცნებას გულის გაჩერებას უკავშირებს, მაშინ როდესაც ექიმებისათვის სიკვდილის დეფინიცია ტვინის სიკვდილთან არის ასოცირებული. ექიმისთვის  გული კუნთოვანი ორგანოა, რომლის ძირითად ფუნქციას ცენტრიდან პერიფერიისკენ სისხლის ნაკადის გადაქაჩვა წარმოადგენს. ხშირად სამედიცინო ლიტერატურაში გული, მარტივად, როგორც ტუმბო ისეა მოხსენიებული. უნდა აღინიშნოს მისი სტრუქტურული არაჩვეულებრიობა, გულის კუნთი ერთადერთი და განუმეორებელია ადამიანის ორგანიზმის შემადგენელ კუნთოვან წარმონაქმნებს შორის და სწორედ ამ კუნთოვანი ორგანოს მუშაობის დარღვევა ან რამდენიმე წამით შეჩერება პრობლემურია ორგანიზმისთვის და ფატალური _ ადამიანისთვის.

კარდიოვასკულარული (გულსისხლძარღვთა სისტემის, კარდიო – გული, ვასკულარული –სისხლძარღვოვანი) დაავადებები მოსახლეობის სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. იდენტიფიცირებულია რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომლებიც ზრდის  გულ-სისხლძარღვთა გავითარების რისკს. ზოგიერთი მათგანისგან პრევენცია შეგვიძლია, მაგრამ არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც, რომლის ცვლილება ან გაკონტროლება ჩვენ მიერ შეუძლებელია

რისკ ფაქტორები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია:

•           ასაკი – მიუხედავად დიდი მცდელობებისა, გაახალგაზრდავების მრავალი რეცეპტურისა, ასაკი მაინც გვემატება, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. აღსანიშნავია, რომ მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 83% ავადდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 60 წელს ზემოთ (თუმცა ამ ბოლო დროს შეინიშნება ამ დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია).

•           სქესი _ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უმეტესწილად მამაკაცების პრობლემას წარმოადგენს (ბოლო მონაცემების საფუძველზე სიკვდიალინობის პროცენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადების ფონზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ყოველწლიურად იზრდება ბოლო და სიკვდილიანობის პროცენტი ძუძუს კიბოთი გამოწვეულ ლეტალურ გამოსავლის საერთო რაოდენობას აჭარბებს).

•           მემკვიდრეობა _ იმ პირებში რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აღინიშნებათ  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობა, დიდია გულის დაავადებების განვითარების რისკი. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება რასას, მაგალითად, აფრო-ამერიკელებს,  თეთრკანიანებთან შედარებით, უფრო ხშირად აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.  გულის დაავადებების განვითარების რისკი აგრეთვე დიდია მექსიკელებში, ამერიკელ ინდიელებში, ჰავაელებში, რაც დაკავშირებულია სიმსუქნესთან და ანამნეზში დიაბეტის არსებობასთან.

რისკ ფაქტორები, რომელთა კოტროლი ჩვენზეა დამოკიდებული:

თამბაქო _ მწეველებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი 2-4-ჯერ მაღალია არამწეველებთან შედარებით. თამბაქო ზრდის სხვა რისკ-ფაქტორების ზეგავლენასაც. იმ პირებს, რომლებიც ეწევიან სიგარას ან ჩიბუხს, აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მაღალი რისკი, თუმცა სიგარეტის მწეველთან შედარებით გულის დაავადებისა  და განვითარების ალბათობა ნაკლებია. ზემოთქმული არ გამორიცხავს იმას, რომ სიგარის ან ჩიბუხის მოწევა ასევე მავნებელია ჯანმრთელობისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოწევა მავნეა არამარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფთათვის.

ქოლესტეროლი _ ქოლესტეროლის კონცენტრაციის მატება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ქოლესტეროლის მატება, არამედ ქოლესტეროლის ფრაქციებს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – `კარგი ქოლესტეროლი~ დაბალი სიმკვრივის ლიპორპოტენიბი `ცუდი ქოლესტეროლი~) შორის დისბალანსი `ცუდი ქოლესტეროლის სასიკეთოდ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. შესაძლებელია, საერთო ქოლესტეროლი იყოს ნორმის ფარგლებში და თანაფარდობა `ცუდ~ და `კარგ~ ქოლესტეროლს შორის დარღვეული `ცუდის~ სასიკეთოდ, რაც, თავისთავად, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს, ამიტომაც ექიმი ნიშნავს ლაბორატორიულ ტესტს – სრული ლიპიდური (ცხიმოვანი პროფილის) ცვლის გამოკვლევას ზოგადად, რაც ნათელ წარმოდგენას შეუქმნის მას ცხიმოვანი ცვლის დისბალანსისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების შესაძლო რისკის შესახებ.

მაღალი არტერიული წნევა _ წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითრების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს. როდესაც არტერიული წნევა თან ახლავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ლიპიდური ცვლის დისბალანსი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი საგრძნობლად იზრდება. ამიტომ სასურველია, დაარეგულიროთ არტერიული წნევა, რისთვისაც დანიშნეთ ვიზიტი თქვენს ექიმთან, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ შესაბამის ჰიპოტენზიურ (წნევის დამწევ) მედიკამენტებს და დღის სასურველ რეჟიმს. სასურველია მიმართოთ მხოლოდ პროფესიონალს, მოერიდეთ ჟურნალ-გაზეთებში არსებული რეკლამებით მკურნალობას. ნუ მიიღებთ  მეგობრებისა და მეზობლების რჩევებს. თქვენ მხოლოდ თქვენს კურატორ ექიმს უნდა დაემორჩილოთ და დაექვემდებაროთ თქვენთვის შედგენილ მკურნალობის სქემას

ადინამია _(ფიზიკური არააქტიურობა)-არააქტიური ცხოვრების რითმი წარმოადგენს ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისა. რეგულარული, ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა იცავს თქვენს გულსა და სისხლძარღვებს დაზიანებისაგან. ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ აკონტროლოთ სისხლში ლიპიდები (ცხიმები), შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა, აიცილოთ ზედმეტი წონა და ზოგიერთ თქვენგანს კი დაარეგულიროთ არტერიული წნევა. სასურველია, ივარჯიშოთ იმდენი, რაც თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ, არანორმირებული, ზედმეტი ვარჯიში შესაძლებელია, ზიანის მომტანიც იყოს თქვენი ორგანიზმისთვის. თუ თქვენ ვერ ახერხებთ დღის განმავლობაში ვარჯიშს, ეცადეთ ისეირნოთ, საღამოს მოციონი გაგიუმჯობესებთ ხასიათს, მოგადუნებთ და მოგწყვიტავთ ყოველდღიური პრობლემებისგან.

სიმსუქნე და ზედმეტი წონა – წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ერთ-ერთ დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს. ზედმეტი წონა აიძულებს თქვენს გულს იმუშაოს უფრო მეტად, უფრო დიდი დატვირთვით. ზედმეტი წონის არსებობისას დარღვეულია ლიპიდური პროფილი, ზედმეტი წონა შაქრიანი დიაბეტის განვითარების წინაპირობაა. ხშირად აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზია. ბევრი ზედმეტწონიანი ადამიანისათვის წონის შემცირება პრობლემას წარმოადგენს, რადგან ზოგიერთი მათგანი ფსიქოლოგიურად არ არის მზად წონის დაკლებისათვის (მერე რა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, გამხდრებიც ხშირად ავადდებიან, ბედნიერება ნაკლებ წონაში არ არის) და ფიქრს ამის შესახებ გვიან იწყებს, მაშინ, როდესაც სიმსუქნე უკვე საფრთხეს უქმნის სიცოხლეს. გახსოვდეთ, რომ სულ რამდენიმე კგ-ის დაკლებაც კი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას.

შაქრიანი დიაბეტი _ მნიშვნელოვნად ზრდის კორონარული დაავადებების განვითარების რისკს. ზოგიერთ შემთხვევაშიც კი, როდესაც გლუკოზის დონე კონტროლირებადია, დიაბეტი ზრდის გულ-სისხლძაღვთა დაავადებისა და ინსულტების განვითარების რისკს. რისკი უფრო მეტად იზრდება არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში (როდესაც არ იცავთ დიეტას, არ მკურნალობთ სათანადო მედიკამენტით ან მკურნალობთ არასათანადო დოზებით და სისხლში გლუკოზის დონე დიდ ციფრებს აღწევს) სტატისტიკით ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა შორის 3/4 უჩივის გულისა და სისხლძარღვების სხვადასხვა ფორმის დაავადებებს. თუ თქვენ შაქრიანი დიაბეტით ხართ დაავადებული, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აქტიურად იმუშაოთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის თქვენს ექიმთან ერთად ერთობლიობაში¾ და მაქსიმალურად აკონტოლოთ სხვა რისკ-ფაქტორები.

სტრესი _ დღევანდელი ცხოვრების წესი და რითმი, ყოველდღიური სტრესი, პირადი პრობლემები და ზოგადი მდგომარეობა, გარკვეულწილად, პირდაპირ და ირიბად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებობს კავშირი გულ-სისხლძაღვთა დაავადებების განვითარების რისკსა და პიროვნების ცხოვრებაში არსებულ სტრესს, საერთო ცხოვრების წესს, სტილსა და ზოგადად სოციალეკონომიკურ სტატუსს შორის, მაგალითად, სტრესის ფონზე ადამიანი ხშირად ეტანება თამბაქოს, ნიკოტინი ამ დროს უფრო მეტად იწყებს ქმედებას ადამიანის საწინააღმდეგოდ. ასევე ხშირია სტრესული მდგომარეობების დროს უკონტროლოდ საკვების მიღება, რაც ხელს უწყობს წონის მატებას. სტრესის დროს ზოგიერთი ჩვენგანი ხდება აპათიური და ადინამიური. ზოგიერთი მათგანი ალკოჰოლით ანეტირალებს სტრესულ მდგომარეობას. ემოციური დატვირთვა, უარყოფითი ემოციები იწვევს არტერიული წნევის მატებას. ყველაფერი ზემოთქმული (თამბაქო, ალკოჰოლი, არტერიული წნევა, ადინამია, საკვების უკონტროლო მიღება) კი  თავისთავად წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მიზეზებს.

ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს რეალურ, ფიზიოლოგიურ ასაკს, ვერ ვუარყოფთ ნათესაურ კავშირს ჩვენს მშობლებთან და საერთოდ, ვერ შევცვლით გენიალოგიას, ვერ შევცვლით სქესსა და კანის ფერს, მაგრამ შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ ცხოვრების სტილი, გადავიდეთ ცხოვრების ჯანმრთელ რეჟიმსა და ჯანსაღ წესზე, თავი დავანებოთ თამბაქოს, მოვერიდოთ ალკოჰოლის უკონტროლოდ მიღებას, ვიკვებოთ ჯანმრთელი პროდუქტებით და არა გემრიელი საკვებით (სამწუხაროდ, ხშირად გემრიელი საკვები ჯანმთელობისთვის უსაფრთხო არ არის), ნორმირებული ფიზიკური აქტივობა გახდეს ჩვენი ცხოვრების წესი. პრობლემების არსებობისას მივმართოთ მხოლოდ პროფესიონალებს, ჩავიტაროთ მათ მიერ დანიშნული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში. იმკურნალეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტურით და დაიცავით მის მიერ შემოთავაზებული დიეტა. თუ მოუფრთხილდებით თქვენს გულს, უფრო სასიამოვნო და აღქმადი იქნება გულით დანახული და მოსმენილი სამყარო.

Leave a reply